logo
ENG



საბა ბუაძე: სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს ხელი არ მიუწვდებათ ინტერნეტზე

21 მაი 202012:35
3 წუთის საკითხავი
 

განათლების სისტემაში არსებული კრიზისის მოსაგვარებლად, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს. ირაკლი კუპრაძე და საბა ბუაძე ამბობენ, რომ პანდემიამ საქართველოს განათლების სისტემა ჩამოშალა.

მათივე თქმით, დღეს ნათლად ჩანს, რომ განათლება ჩვენს ქვეყანაში ქვის ხანაშია.

„სახეზე გვაქვს ვითარება, როდესაც სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს ხელი არ მიუწვდებათ ინტერნეტზე, კომპიუტერულ საშუალებებზე და სრულიად არიან ჩამოშორებული სასწავლო პროცესს, რაც ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფ განათლების სისტემას კიდევ უფრო დიდი დარტყმის წინაშე აყენებს. სერიოზული პრობლემის წინაშე დგას განათლების სისტემა და სამინისტრო ამ კრიზისის აღმოსაფხვრელად არაფერს არ აკეთებს. ჩვენ არ მოგვისმენია იმის შესახებ თუ რას გეგმავენ განათლების სამინისტროში პოსტკრიზისულ პერიოდში სასწავლო პროცესის აღდგენისთვის“, - აცხადებს საბა ბუაძე.

პარტიაში ფიქრობენ, რომ კრიზისის დასაძლევად ინტერნეტის ხარისხი და მისი ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს და ელექტრონული სწავლების მეთოდები შეიცვალოს. 

„აღნიშნული კრიზისის ფონზე კიდევ უფრო უტიფარია ხელისუფლების და განათლების სამინისტროს მხრიდან წარმოდგენა იმისა თითქოსდა წარმატებით მიმდინარეობს ონლაინ სწავლების პროცესი, საქართველოს სკოლებში და უნივერსიტეტებში. განათლების ჯგუფი „ლელო საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია გაუმჯობესდეს ხელმისაწვდომობა ინტერნეტზე, ასევე მისი ხარისხი, მასწავლებელთა გადამზადების პროცესი უნდა იყოს აქტიური და ყოველდღიურ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს“, - განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ.


close დახურვა